31 May, 2012

ამოდის, ნათდება!

„Весь мир насилья мы разрушим
До основанья, а затем
Мы наш, мы новый мир построим
Кто был ничем, тот станет всем.“
კაცობრიობის უახლესმა ისტორიამ ნათლად დაგვანახა, რომ „ინტერნაციონალის“ რუსული ვარიანტის ეს სიტყვები ოცნებად დარჩა.  მათი ილუზორულობა არ მდგომარეობს იმაში, რომ უკეთესი, უფრო განვითარებული საზოგადოების შექმნა ხალხს არ ძალუძს, არამედ ხელოვნურად და ძალდატანებით ამის გაკეთების შეუძლებლობაშია.
როგორც არ გამოვა ინდივიდუალური ცნობიერების წაშლა და ტვინში „სუფთა ფურცლიდან“ ახლის ჩაწერა ისე, რომ ადამიანი პიროვნებად დარჩეს, ასევე შეუძლებელია საზოგადოების ცნობიერებაზე ისეთი ზემოქმედება, რომ მისგან, სრული დეგრადაციის გარეშე, მოკლე დროში ახალი და განსხვავებული მივიღოთ. საზოგადოების ნახტომისებურად გაკეთილშობილება, სხვადასხვა ადგილას და განსხვავებულ დროს, მრავალჯერ სცადეს: „ძმობა, თანასწორობა, თავისუფლების“ კეთილშობილური იდეით 1789 წელს ბასტილიის აღებასაც, „მიწა–გლეხებს, ძალაუფლება–საბჭოებს!“ ლოზუნგით 1917 წლის პატერბურგის გადატრიალებასაც და შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმისგან ხალხის გათავისუფლების მოწოდებით 2003 წლის „ვარდების რევოლუციასაც“ მოჰყვა ახალი წელთაღრიცხვის შემოღების მცდელობები, მაგრამ ვერც სისხლისღვრით და ვერც დაჭერა–დაშინებებით არ წაიშალა ხალხის კოლექტიური მეხსიერება და ვერ აღიზარდა „ახალი ადამიანი“.
საქმე ისაა, რომ ადამიანის ცნობიერება  არსებულ კულტურულ სივრცეში ყალიბდება, საზოგადოებაში კი მოქმედებს აზროვნების დონის მემკვიდრეობითობის, იდეების ვერტიკალურად გადაცემის მექანიზმი. წინაპრები მომავალ თაობას უტოვებენ იდეებს, რაც მას უადვილებს განვითარების შემდეგ დონეზე გადასვლას. ჯერ ცალკეული ინდივიდები უნდა განვითარდნენ უფრო მაღალ სტადიამდე, მათ მიერ კულტივირებულმა იდეებმა უნდა მოიცვას მასების ცნობიერება და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთელი საზოგადოება მათ კვალს გაჰყვება.
„ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება,
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!“
საზოგადოება ჯერ უნდა მომწიფდეს განვითარების ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე ასასვლელად, მის ფასეულობათა სისტემაში მომხდარი ცვლილებები კი განაპირობებენ ცხოვრების პროგრესის გარდაუვალობას, რასაც ვერავითარი დესპოტური პოლიტიკური რეჟიმი ვეღარ აღუდგება წინ – ამის მაგალითებიც მრავლადაა ისტორიაში.
1970–90–იან წლებში ამერიკელმა ფსიქოლოგმა კლერ გრეივსმა, შემდეგ კი მისმა მიმდევრებმა კრის კოუენმა, დონ ბეკმა და კენ უილბერგმა შეიმუშავეს ახალი სოციალურ–ევოლუციური თეორია, რომელსაც სპირალური დინამიკის თეორია ეწოდა. ის განვითარების სტადიებს აღწერს ცნობიერების პარადიგმების, ანუ ფასეულობათა კომპლექსების მეშვეობით (რელიგიური რწმენების, კულტურული იდეების, მორალური პრინციპების, სწავლების მოდელების და ა.შ. ერთობლიობა), რომელთა წარმოშობა ხდება  სოციოკულტურული ევოლუციის პროცესში. მოდელი იერარქიულია: ყოველი შემდეგი დონე წინმსწრებთან შედარებით უფრო რთულია.
 ამ მოდელის მნიშვნელოვანი თავისებურებაა, რომ  სპირალისებურად, არამკვეთრი ცვლილებებით ხდება აღმასვლა უფრო მაღალ დონეებზე, ინდივიდუალურ და კოლექტიურ ღირებულებებზე ორიენტირებული სტადიების მონაცვლეობით იქამდე, ვიდრე ეს ფასეულობები ჰარმონიულ ურთიერთშეთავსებას არ მიაღწევენ.
ამდენად, ლოგიკურია, რომ საბჭოთა ტოტალიტარული კოლექტივიზმის მიმართ 1980–იანების ბოლოს ჩვენში წარმოქმნილი ძლიერი ნეგატიური დამოკიდებულების გამო საზოგადოების ცნობიერება, ქანქარასავით, ისე რადიკალურად „გამემარჯვენდა“, რომ ოც წელიწადში კომუნისტური ერთპარტიული მმართველობიდან მკვეთრად გადავიხარეთ ლიბერთარიანულ ერთპარტიულ რეჟიმამდე, რომელსაც სატელიტი „ოპოზიციური“ პარტიები დემოკრატიულობის ფასადის „ლეღვის ფოთოლად“ სჭირდება და რომელთან იდეოლოგიურად დაპირისპირებული ჯგუფები პრაქტიკულად არ არსებობდა.  საზოგადოებრივი ცნობიერების ამ „ქანქარამ“ გზად  ერთგვარი „ჭრელი“ პერიოდიც გაიარა, პოსტკომუნისტური ეპოქის შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირს“ მმართველობის სახით, ხუმრობით საზამთროს რომ ადარებდნენ: „გარედან – მწვანე, შიგნით – წითელი, ალაგ–ალაგ კი  შავი“.
21–ე საუკუნის დასაწყისის ქართული საზოგადოების ცნობიერებას, გრეივსის თეორიიდან, ყველაზე მეტად მე–5 დონე შეესაბამება: მატერიალისტური და მიღწევებზე ორიენტირებული. მას ახასიათებს რაციონალიზმი, საკუთარი კეთილდღეობის მიზნით კერძო მეწარმეობა, ადამიანის სოციალური ქმედების უპირატესად ეკონომიკური მოტივაცია. პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში ქართულ ბაზარზე კონკურენცის წლებიც იყო, რომელიც აუმჯობესებდა საქონლის რაოდენობას და ხარისხს, ხელს უწყობდა ეკონომიკურ ზრდას, სანამ ხელისუფლებასთან შეზრდილი მონოპოლიები არ ჩაკლავდნენ ამ პროცესს და კონკურენციის ცნება არ იქნა დაყვანილი ატომიზირებულ მასაში, საარსებო ლუკმის მოპოვებისთვის ბრძოლაში მყოფ ინდივიდებს შორის მგლურ დამოკიდებულებამდე: Homo homini lupus est!
2003 წელს, ხელისუფლებაში მოსასვლელად, ამ პრინციპთან სრული თანხმობით „ვარდოსნებმა“ არ დაინდეს საკუთარი აღმზრდელი, მოხუცი მგელი ტოტია – შევარდნაძე, რათა ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ უმალ დაევიწყებინათ სოციალური დაპირებების „ფოჩიანი კანფეტები“ და ცხოვრების ყველა სფეროში უკიდურესი ლიბერთარიანიზმის პრინციპები  გაბატონებულიყო. ეთიკა, გრეივსის თანახმად, ამ სტადიაზე ეფუძნება პოსტულატს: საერო კანონი ყველაფერზე მაღლა დგას. თუმცა, ეს მტკიცება ჩვენში მხოლოდ „ქვედა დონეებისთვის“ არის მართებული, ანუ ხალხისთვისაა, მმართველი ელიტა რეალურად კანონს ზემოთ დგას და კონსტიტუციას,  მოხვეჭილის დასაცავად, საკუთარ საჭიროებებს არგებს.
გრეივსის თეორიით, განვითარების ყოველ შემდეგ სტადიაზე ხდება საზოგადოების იმ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რომლებიც წინა სტადიაზე  არ იქნა დაკმაყოფილებული. მართლაც, დამყარდა საზოგადოებრივი წესრიგი, განვითარდა ინფრასტრუქტურა: გზები, სკოლები, სატუმროები, შადრევნები, ხიდები... წარმატებებია მოსახლეობის ელექტროდენით, ბუნებრივი აირითა და წყლით უზრუნველყოფაში, სახელმწიფო სტრუქტურებში ქვედა დონეებზე აღმოიფხვრა კორუფცია და მისთ. ხელისუფლების ყველა ეს მიღწევა, როგორც ვხედავთ, მხოლოდ მატერიალურ სფეროშია, რომლის სიკეთეებითაც, ძირითადად, პარტიული და მასთან შეზრდილი ბიზნეს–ელიტა სარგებლობს.
განვითარების გრეივსისეულ სპირალზე, მივაღწიეთ რა „მატერიალისტური დონის“ უკიდურეს წერტილს, საზოგადოებრივი ცნობიერების აღმასვლისათვის კოლექტიური ფასეულობებისკენ შემობრუნება უნდა მოხდეს. შემდეგ საფეხურს, რომელსაც „სოციოცენტრული“ ეწოდება, ახასიათებს აქცენტები ერთობლივ ზრდაზე, თანასწორობაზე, ჰუმანიზმზე, ტოლერანტულობაზე, სტაბილურობაზე, გარემოს დაცვის საკითხებისადმი ყურადღებაზე.  მოტივაცია ადამიანური ურთიერთობებსა და სწავლებას ეფუძნება, ფასობს გახსნილობა და ნდობა, და არა – კონკურენცია. ავტოკრატიული ლიდერების დრო წარსულს ბარდება, იერარქიები თვალშისაცემი აღარ არის. ეთიკაში მძლავრობს შეხედულება: კანონები მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი ყველა ადამიანის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდნენ. ასეთი საზოგადოებების მაგალითად გრეივსს ევროპის სოციალური სახელმწიფოები მოჰყავს, სადაც მემარცხენე მოძრაობაა ძლიერი.
ევროპული ფასეულობებისაკენ მისწრაფება სააკაშვილის რეჟიმის საწყის სტადიაზე თუ დეკლარირებული მაინც იყო, თანდათან მას ჩაენაცვლა ღია ანტაგონიზმი სოციალური დემოკრატიის მიმართ და  „სოციალიზმის“ ცნებაც კი დემონიზირებულ იქნა. ყურადღებამისაქცევი ნამდვილად არ არის მისი პოპულისტური წინასაარჩევნო ლოზუნგები, რომლებიც მიმართულია ხალხის გაბრიყვებისა და მმართველი პარტიისთვის ელექტორატის მოზიდვისაკენ. „ხე ნაყოფით იცნობა“ – სააკაშვილის რეჟიმის ნაყოფი კი ლიბერთარიანული ტოტალიტარიზმია.
ამ მდგომარეობიდან განვითარების ახალ დონეზე გადასვლის პროცესი, გრეივსის თეორიით, არ არის არც შეუქცევადი და არც გარდაუვალი. დღევანდელი რეჟიმი, ცხადია, შეეცდება status quo შეინარჩუნოს და ძალაუფლებაში დარჩეს, მაგრამ მას უკვე გამოუჩნდა სერიოზული ალტერნატივა: რეალური ოპოზიცია  „ქართული ოცნების“ სახით, რომელმაც უმოკლეს დროში მოსახლეობის სერიოზული მხარდაჭერა მოიპოვა.
 ხელს შეუწყობს თუ არა ხელისუფლების მოსალოდნელი შეცვლა ჩვენი საზოგადოების ასვლას განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე? თუ მხოლოდ მმართველების სახეები შეიცვლება?
ეს თავად საზოგადოებაზე, მისი ცნობიერების ამჟამინდელ მდგომარეობაზეც არის  დამოკიდებული: უნდა არსებობდეს წინაპირობები (transitional factors), რომლებიც უზრუნველყოფენ ფასეულობათა ერთი დონიდან მეორეზე არამკვეთრ გადასვლას. თეორიულად, სოციოცენტრულ საფეხურზე ასვლის ასეთი ფაქტორებია: იმის გაცნობიერება, რომ მატერიალურ კეთილდღეობას არ მოაქვს ბედნიერება, კოლექტივიზმის განახლებული გრძნობა, კონკურენციითა და არათანასწორობით გამოწვეული უკმაყოფილება.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დაწყების აქციაზე არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე,  150 ათასზე მეტი თბილისელის გამოსვლამ  27 მაისს, სადაც ძირითად ემოციურ მუხტს სოლიდარობის გრძნობა ქმნიდა, ნათლად აჩვენა, რომ არათანასწორობისა და უსამართლობის არსებულ მდგომარეობას საზოგადოება აღარ ეგუება. მოსახლეობა თავს უკვე მოიაზრებს არა გათოთოკაცებულ მასად, რომლითაც მანიპულირება ადვილად შეუძლია მმართველ კასტას, არამედ კოლექტიურ კრებულად – ერად, რომელსაც ბედნიერი ცხოვრების სურვილი აქვს და მის მოსაპოვებლად ბრძოლისათვის მზადაა.
მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაციაც თანდათან, მაგრამ კარდინალურად იცვლება, თან – ჩვენი მმართველი ელიტისთვის არასასურველი მიმართულებით: მრავალ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, პოლიტიკაში მემარცხენე დისკურსის გაძლიერება ლოგიკური და გარდაუვალია. ამის შიშს რომ დიდი თვალები აქვს, უნგრეთის მაგალითმა აჩვენა: შარშან, ნოემბერში მმართველი კონსერვატიული პარტია ცდილობდა, უნგრეთის სოციალისტური პარტიისა და სხვა მემარცხენე პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობა აეკრძალა (!)
საქართველოს ხელისუფლების იდეების მთავარი  რუპორი – ჟურნალი „ტაბულა“ აშშ პრეზიდენტის ბარაკ ობამას, როგორც „სოციალისტის“ მიმართ ზიზღს არ მალავდა, საფრანგეთის პრეზიდენტად სოციალისტი ფრანსუა ოლანდის არჩევამ ქართველ ლიბერთარიანელთა იდეოლოგები განახლებული ძალით მემარცხენეთა ხელისუფლებაში დაბრუნების ფაქტის წინაშე დააყენა. სააკაშვილის გამოსვლების „გამემარცხენებული“ რიტორიკა მიანიშნებს მის მცდელობაზე, როგორღაც შეაღწიოს ახალ მსოფლიო „მეინსტრიმში“, მაგრამ ჩიკაგოში, ნატო–ს უკანასკნელ სამიტზე, ოლანდთან ხელის ჩამორთმევის ამსახველი ფოტო ლობისტებმა ვერ „გაუჩალიჩეს“ –ელისეს სასახლეში ისინი ახლოს არ გაიკარეს.
 „მრავალი კვირის განმავლობაში ჩემ მიერ შემოთავაზებული იდეები მხარდაჭერას მოიპოვებდნენ არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაში. ვითარება იცვლება, და კიდევ უფრო მეტად შეიცვლება საფრანგეთის არჩევნების შემდეგ,“– თქვა ფრანსუა ოლანდმა. ინტერნეტმა და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების გლობალურმა განვითარებამ ყველა ქვეყანა საერთო ინფორმაციულ სივრცეში მოაქცია, ამდენად, ევროპა–აზიის გზაგასაყარზე მდებარე პატარა საქართველო ვერ „გამოსინგაპურდება“ და ეს ტალღა ჩვენამდეც აღწევს.
ახლა უკვე ჯერი ოპოზიციურ ლიდერებზეა: რამდენად გაიცნობიერებენ ისინი როგორც ქართულ საზოგადოებაში გაჩენილ მოთხოვნილებებს, ასევე საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების ტენდენციებს. თუ ადრე ისეთ ფასეულობებს, რომლებიც სოციოცენტრულ საზოგადოებას შეესაბამება, ინტერნეტ–სივრცეში მხოლოდ ერთი საიტი – european.ge უწევდა პოპულარიზაციას, ევროპული ღირებულებების მატარებელი პოლიტიკური პარტიისთვის „სოციალ–დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კი, პრაქტიკულად, დახურული იყო, ბოლო დროს საზოგადოების ცნობილმა სახეებმა (ვასილ მაღლაფერიძე, გია მაისაშვილი, ზურაბ ბიგვავა, ნანა დევდარიანი და სხვ.) პრესითა და ტელეეთერით დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ სკანდინავიის ქვეყნები და კანადა, სადაც ლიბერთარიანელთათვის საძულველი სოციალიზმია აშენებული, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერთა ათეულში არიან, საქართველო კი უბედურთა შორის მე–9 ადგილზეა.  
ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერთა შორის, რომლებიც „პროქართველობას“ იბრალებენ,  ერთმანეთს კი ძველებურად „პრორუს–პროამერიკელებად“ ჰყოფენ, შექმნილი სიტუაციის ადექვატურად აღმქმელად ჯერ–ჯერობით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი მოსჩანს, რომელმაც ზედიზედ სამ ინტერვიუში  ხაზი გაუსვა როგორც ქართველ სოციალ–დემოკრატებთან თანამშრომლობას, ასევე გააცხადა კოალიციის მიერ შემუშავებული პროგრამის სოციალური აქცენტები.
ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე გამოსვლისას ბიზნესმენებს მიმართა და განაცხადა, რომ ვერანაირი პირადი მატერიალური კეთილდღეობა ვერ მიანიჭებს მათ ბედნიერებას, როდესაც მილიონნახევარზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს ბანკის ვალი აქვს.
ხელისუფლებასთან ჩახუტებული ბიზნესმენების მხრიდან პასუხი ასეთი იყო: „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ და „მაკდონალდსი–საქართველოს“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ ივანიშვილის ეკონომიკურ იდეებს სოციალისტური უწოდა; „ალიანს–ჰოლდინგის“ დამფუძნებლის განცხადებით კი სოციალისტური რეფორმები საქართველოში ბიზნესს ადგილობრივი ბაზრის დატოვებას აიძულებს.
ჩასაძირად განწირული გემიდან ვირთხები, ცხადია, პირველები გაიქცევიან, თან „ტომრებით“ საკუთარი ფულების უცხოეთში წაღებასაც შეეცდებიან: მას–მედიაში წერენ, რომ  კახა ბენდუქიძეთავისი კაპიტალის უდიდესი ნაწილი, სავარაუდოდ, 400 მილიონი დოლარი უკვე საბერძნეთში გაუტანია და იქ დაუბანდებია.
გაუმაძღარი მგლები უკვე აყმუვლდნენ: „ამოდის, ნათდება!“




No comments:

Post a Comment