15 September, 2011

მერიტოკრატიის ქართული ხიბლი

როცა 1999 წელს მე და ჩემი მეგობრები ნოტარიუსთან შევედით, არც ის ვიცოდით, რომ ქვემო ქართლში პირველი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის რეგისტრაციას ვახდენდით და არც იმას ვიფიქრებდით, რომ მოქალაქეების გაერთიანების ამ ფორმას ვინმე თავის იდეებში საზოგადოებრივი მოწყობის მოდელში ერთ–ერთ რგოლად მოიაზრებდა. უბრალოდ, გვეგონა, რომ ჩვენი პატარა ქალაქის მოსახლეობა გარემოს მძიმე ელემენტებით დაბინძურების საფრთხის წინაშე იდგა და თუ მის წინააღმდეგ ბრძოლას ოფიციალურ სახეს მივცემდით, პრესით მოვახდენდით იმის დეკლარირებას, თუ ვინ ვიყავით და რამ შეგვაშფოთა, მაშინდელი ხელისუფლების მფარველობის ქვეშ მყოფ მეწარმეებს არ ექნებოდათ ჩვენზე დაცინვით სათქმელი:–ვინ არიან და რა უფლებით იღებენო ხმას.


ბანკში ანგარიშის გახსნა და თანხების მოზიდვა მაშინ აზრადაც არ მოგვსვლია: მოსახლეობა, რომელსაც საკუთარი ჯანმრთელობის მომავალი აწუხებდა, პეტიციაზეც კი ხელისკანკალით აწერდა ხელს, ორგანიზაციის დაფინანსების თავი და სახსრები ვის ჰქონდა?! სხვას კი რაში ანაღვლებდა ჩვენი პრობლემები და რა მიზეზით უნდა დავეფინანსებინეთ? დაფუძნების ხარჯებიც თავად გადავიხადეთ და სხვა ხარჯებიც წვრილმანად მივიჩნიეთ იმასთან შედარებით, რომ ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის ჯანსაღი გარემო შეგვენარჩუნებინა. რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ. როცა საფრთხე აღარ იყო – მანგანუმის მადნის ღია კარიერებიდან მოპოვება შეწყდა – ჩვენი არასამთავრობოსგან ბეჭედიღა დარჩა.

იყო პრობლემა – იყო ორგანიზაცია.

„ვარდებით მოსული“ ხელისუფლების დამყარების შემდეგ სხვადასხვა უცხოურმა ფონდებმა და ინვესტორებმა „საქართველოში არასამთავრობო სექტორის განვითარებისათვის“ თანხების ხაჯვა გულუხვად დაიწყეს. დედაქალაქში რომ შექმნეს „ცენტრალური არასამთავრობოები“, რომელთაც ეროვნული დონის პრობლემატიკაზე უნდა ეზრუნათ, შემდეგ რეგიონებს მოედნენ და ლამის ყველა სოფელში დააფუძნეს სათემო თუ სხვა სახის NGO –ები. გაიცემოდა გრანტები, ტარდებოდა ტრენინგები, გვასწავლიდნენ პროექტების წერას, მონიტორინგის ჩატარებას, შედეგების შეფასებას... ჩვენც არ ჩამოვრჩით დროს და პროექტი სათაურით: „არასამთავრობო სექტორის გაძლიერება წალკისა და თეთრიწყაროს რაიონებში“ წარმატებით განვახორციელეთ.

ჩანს, იდეის ავტორებმა გადათვალეს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი და სამოქალაქო სექტორის განვითარების დონე ამით საკმარისად მიიჩნიეს, ამიტომ თავიანთი ფონდები სხვა „განვითარებადი“ ქვეყნებისაკენ მიმართეს, ჩვენ კი გვირჩიეს, ადგილობრივი ბიზნესის მიერ დაფინანსებულ, ადგილობრივე ფონდებში გვეძება სახსრები „ლოკალური პრობლემების გადაწყვეტისათვის“. ასეთები სად გვეძია, როცა ბიზნესი მთლიანად მმართველი პარტიის ხელში გადავიდა და მისი ქოლგის ქვეშ მშვენივრად გრძნობს თავს (თუ ოფიციალურ სტატისტიკას დავუჯერებთ), ავსებს თავისი პარტიის სალაროს და სულაც არ აწუხებს „მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“, რომ რაღაც ფონდები აფინანსოს. ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, უცხოელი პატრონების თვალის ასახვევად, ამ მიმართულებით სახელწიფო ფონდიც გახსნა და ალაგ–ალაგ მცირე პროექტებიც დააფინანსა, არასამთავრობო სექტორში ფონდების მოძიებასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად კი ზოგიერთმა ცენტრალურმა არასამთავრობომ შეფობა იკისრა და მოსალოდნელი საგრანტო კონკურსების შესახებ წვიმის შემდეგ სოკოებივით მომრავლებული ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება ითავა. ფულის წვიმა შეწყდა და დამდგარ გვალვაში თითო–ოროლა არასამთავრობომ თუ შეძლო სადღაც ჩრდილში თავის შეფარება, დანარჩენებმა დოკუმენტაცია უჯრაში ღრმად შეინახეს.

აღარ არის ფული – აღარაა ორგანიზაცია.

ვისაც ჩვენებური "ლიბერთარიანიზმის" იდეოლოგიის შესახებ არაფერი გვსმენოდა, დღემდე გაუგებარია, რა საჭირო იყო სოფელ–სოფელ სიარული, აქტიური მოქალაქეების ძებნა, (ითვლება, რომ დედაქალაქში მოღვაწე ექსპერტების მსგავსად, ასეთები ხალხში არაპოპულარულები შეიძლება იყვნენ, ანუ უბირი ხალხი მათ სადმე არ აირჩევს), ლოკალური პრობლემების მოსაგვარებლად მათგან ორგანიზაციების შექმნა–დაფინანსება, რომ მცირე და საშუალო პროექტების განხორციელებით გამოცდილება შეეძინათ? ამ პრობლემების გადაწყვეტა ხომ ისედაც ევალებოდათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომლებიც ჯერ 1990 წელს, შემდეგ 2008 და 2002 წლებში აირჩია ხალხმა, ამისათვის მათ ჩვენი გადასახადებით შექმნილი ბიუჯეტებიც ხომ ჰქონდათ, მაშ რა მიზნით იქმნებოდა პარალელური სტრუქტურები?

საქმე ისაა, რომ ახალ მსოფლიოში საზოგადოებრივი პრობლემებიც ახლებურად უნდა გადაწყვეტილიყო და დრომოჭმული სოციალისტური ადგილობრივი საბჭო–საკრებულოების ნაცვლად "ლიბერთარიანელებმა" თავისი შეხედულებების შესაბამისი მოდელის შექმნა დაიწყეს. მათი აზრით ხალხი ხომ ბნელია, ჰოდა, აბა სად შეუძლია ამ გაუნათლებელ მასებს, რომელთათვისაც უფასო საშუალო განათლებაც კი ზედმეტი ხილია, არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით საკუთარ პრობლემებში სწორად გარკვევა, პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი ეფექტური გადაწყვეტა?

სამაგიეროდ, მოდელი „ბიზნესი–ფონდი–არასამთავრობო“ უფრო ადვილად სამართვია: ცხადია, ფონდი იმ მუსიკას დაუკრავს, რასაც დამფინანსებელი შეუკვეთავს, არასამთავრობოც გრანტს ვერ მიიღებს, თუ ფონდისთვის არასასურველი პროექტი წარადგინა. თანაც, კორუფციის შანსებიც აქ ნაკლებია: ყველა ცენტი კონტროლდება – ასეთია ერთმანეთთან გაფორმებული ხალშეკრულებები ამ სისტემაში. გრანტი თუ ერთხელ „შემოგეჭამა“, შავ სიაში მოხვდები და მას აღარავინ მოგცემს. რაც მთავარია, წარმოების „მდგრად განვითარებას“ საფრთხე არ ემუქრება წარსულის გადმონაშთი იდეებით შეპყრობილი ზოგიერთი პირისაგან, რომელიც უბადრუკ მასებში შეიძლება პოპულარული იყოს, ხელისუფლებაშიც მოხვდეს არჩევნებით და პრობლემები შექმნას.

ამიტომ, სულაც არაა საჭირო ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელმაც "ლიბერთარიანელთა" იდეოლოგიის „წმინდა ძროხას“ – ბიზნესს შეიძლება რამეში ხელი შეუშალოს. ჰოდა, ადგნენ და, რადგან სამოქალაქო სექტორი უკვე საკმარისად იყო განვითარებული, თემებს ეს თვითმმართველობაც გაუუქმეს, ბოლო ადგილობრივ არჩევნებში კი მხოლოდ რაიონული საკრებულოები „აირჩიეს“, რაც „სახელმწიფოს მოწყობის ორდონიან მოდელად“ ლამაზად შეფუთეს.

ამ მოდელში რა ზედა დონეზე – პარლამენტში, რა ქვედა დონეზე – საკრებულოში (ანუ მინი–პარლამენტში) ის სისტემაა, რომ გადაწყვეტილების მიღება რეალურად „ლობირებით“ ხდება, ანუ, გასაგებად რომ ვთქვათ, დაინტერესებული მხარე (ბიზნესი) დეპუტატების და პარტიების მოსყიდვას ახდენს, რომ თავისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიაღებინოს. ქვედა დონეზე ლობირებისა რა გითხრათ: გამგებელს „ზემოდან“ უბრძანებენ და მისი გუნდი საკრებულოში ტაშისკვრით მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებას. სამაგიეროდ, რაღაც–რაღაცებზე, საკრებულოს წევრთა არცთუ კანონიერ საქმეებზე ხელისუფლება თვალს დახუჭავს. ერთი–ორი პატიოსანი ოპოზიციონერის ხმა სათვალავში მისაღები არ არის: მაინც უმცირესობაში არიან და მათ ყვირილს ყველგან სიყრუის კედელი დახვდება. შეიძლება, პრესა დაინტერესდეს და რაღაც დაწეროს, – წერონ და იკითხონ!

თუ ხალხს არ მოსწონს რამე, მისი ინტერესი ილახება? ამისათვის ხომ არის ცენტრალური არასამთავრობოები, რომელთაც ასევე აქვთ ლობირების კანონიერი უფლება. იმაზე, რომ ეს არასამთავრობოები, ფონდების შუამავლობით, იმავე ბიზნესიდან ფინანსდება, რომლის წინააღმდეგ უნდა მოაწყონ კამპანია – თვალები დავხუჭოთ.

მაგალითისათვის: იმპორტიორებს იაფად შემოაქვთ დაბალი ხარისხის საწვავი, რომელიც გარემოს აბინძურებს და ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. იმპორტიორებმა მმართველ პარტიაში ლობირებით მიიღეს კანონი, რომ ასეთი საწვავის გაყიდვა ნებადართულია. მოსახლეობის ინტერესების გამომხატველ გარემოსდაცვით არასამთავრობოს უნდა, რომ ასეთი საწვავის გაყიდვა კანონით აიკრძალოს და ხარისხიანის შემოტანა აიძულოს იმპორტიორებს (რაც მათ ნაკლებ მოგებას დაუტოვებს). სად უნდა იპოვოს მან კამპანიის ორგანიზებისა და დეპუტატების ლობირებისათვის საჭირო თანხები? რა თქმა უნდა, გარემოსდაცვით ფონდში, რომელში შენატანებს ნებაყოფლობით (?!) უნდა აკეთებდნენ ეს იმპორტიორები მხოლოდ იმიტომ, რომ მათ „მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება აქვთ და თავადაც ზრუნავენ იმ გარემოზე, რომელშიც ცხოვრობენ“.

ლოგიკა მოიკოჭლებს? თქვენ საიდან იცით, რა არის ლოგიკა, ეს თქვენთვის სკოლაში არ უნდა ესწავლებინათ, ამას მხოლოდ მაღალგადასახადიან კერძო სასაწავლებლებში ასწავლიან, სადაც ელიტის შვილები არიან.

ასეა იდეაში. ცხოვრება კი სულ სხვაა. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: პარტიებისა და დეპუტატების მოსყიდვა კორუფცია არ არის, ეს ნებადართულია და მხოლოდ და მხოლოდ ლობირებად იწოდება!

თქვენ თუ იცით, მითხარით, რამდენს ხარჯავს რომელიმე ჩვენებური დიდი ბიზნესმენი საზოგადოებრივად საჭირო საქმიანობაზე? მე რასაც ვხედავ (უფრო სწორად, ტელევიზიებით მაჩვენებენ), არც ერთ მათგანს არ შეაქვს რაიმე ფონდში ფული და მერე ჩრდილში არ დგება. რად უნდა ფონდი? იმ ფასად, რასაც მისი მეუღლე ერთ დღეში ხარჯავს სალონებში, ან თვითონ – ერთ ჯიგრულ სუფრაზე რესტორანში, თავადაც კარგად გამოჩნდება ტელეკამერების წინ, როცა ობოლ ბავშვებს საშობაო საჩუქრებს მიუტანს. ამით სატელევიზიო ვიდეორგოლებზე გაცილებით იაფად და ეფექტურად რეკლამასაც გაიკეთებს და თან ქველმოქმედის იმიჯიც ექნება.

თუ ბიზნესმენიც, ექსპერტისა არ იყოს, მორცხვია (ანუ, არ სურს გამოჩენა, რომ არ გაჩნდეს კითხვები, – რა გზით იშოვაო ფული), მმართველი პარტიის მინისტრთა, დეპუტატთა, გუბენატორ–გამგებელთა რიგია, სიხარულით გამოჩნდებიან ტელე–ნიუსებში და ამით პოლიტიკურ რეკლამას მუქთად გაიკეთებენ. მერე სადმე ელიტარულ კლუბში დასხდებიან (სადაც, ლიბერთარიანელთა აზრით, მამულიშვილური აზრების გაზიარებისათვის უნდა შეიკრიბონ და ფარდის მიღმა მიიღონ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები), კოქტეილს მიირთმევენ, ბომონდის ახალ ჭორებს განიხილავენ და სამშობლოს წინაშე ვალმოხდილები დაიშლებიან.

ასე რომ, ჩვენს ქვეყანაში სახეზეა „ღირსეულთა მმართველობის“, ანუ მერიტოკრატიულად საზოგადოების მოწყობის იდეის კრახი. არც მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების ბიზნესმენები გაჩნდნენ, არც – მათ მიერ დაფინანსებული ფონდები და არასამთავრობოთა არმიაც ქაღალდზე დარჩა. ექსპერტები? რაღაცებს წერენ ხოლმე ელიტარულ ჟურნალ–გაზეთებში, ხალხს ლიბერალური ღირებულებების სისწორითა და მომავალი ამქვეყნიური სამოთხის დაპირებებით აზომბირებენ.

ვინც ვერ მოხვდა სამოთხეში მცხოვრებ ვიწრო წრეში, „ჭკვიანთა“ აზრით, თავს უნდა დააბრალოს: უინტელექტოა, ან ზარმაცია და ცოტა იმუშავა, ან, უბრალოდ, „არ გაუმართლა“. ეს ბოლო არგუმენტი, მგონი, იმათზეა, ვისაც „მიშას მატარებელზე“ შეხტომის შანსი ჰქონდა და ეს ვერ შეძლო.

სამართლიანია ასეთი საზოგადოებრივი წყობა, რომელსაც, რატომღაც, დემოკრატიას უწოდებენ? ამაზეც პასუხი აქვთ: „დემოკრატია მთლად სამართლიანი არ არის, მაგრამ უკეთესი ჯერ კაცობრიობამ ვერ გამოიგონაო“. ტყუილი! არც უცდიათ, რამე მოეფიქრებინათ, ხალხის პროპაგანდით გაბრუება–დათრგუნვის ტექნოლოგიების დახვეწის გარდა.

არანაირი „ღია სამოქალაქო საზოგადოება“ საქართველოში არ აშენებულა. ამ მოდელით ვერც აშენდებოდა, რამდენადაც ეს სისტემა, როგორც ნახეთ, თავისი არსით, შინაგანად წინააღმდეგობრივი და ხელოვნურია. რეალური, სახალხო დემოკრატიის ის მარცვლებიც კი, რაც წინა ხელისუფლებებმა თვითმმართველობის კანონების მიღებით ხალხისათვის ე.წ. პირველ დონეზე, ანუ თემისა და ქალაქის უბნისათვის, ვითომ გამოიმეტეს, და რომელთა აღმოცენებას ტოტალიტარული საბჭოეთის მიერ დატოვებულ მწირ ნიადაგზე ზრუნვა სჭირდებოდა, ამ ხელისუფლებამ ოლიგარქოკრატიული ავტორიტარიზმის ასფალტით გადაფარა.

როგორც ჩანს, ბოლო დროს ჩვენს მმართველებს ეს ტყუილებიც მობეზრდათ და „სინგაპურულ მოდელზე“ ალაპარაკდნენ, ანუ ღიად გვეუბნებიან: სინგაპურულ რეჟიმს ვამყარებთ, სადაც ქვეყნის მმართველად ტახტზე ერთხელ დამჯდარი მასზე მარადიულად რჩება, შემცვლელად კი შვილი ეყოლება. გაიხარეთ, მონარქისტებო: ახალი სამეფო დინასტია გვეყოლება, „ნაციონალი“ თავად–აზნაურებით. რა აუცილებელია, მაინცდამაინც ბაგრატიონი იყოს? ღვთივკურთხეულობა თუ გნებავთ, ეკლესიის მესვეურები მზად იქნებიან კურთხევის რიტუალის ჩასატარებლად. მათი პირით ხომ თავად უფალი ღაღადებს, ოდებს უძღვნიან პირველ პირს და კურთხევა გაუჭირდებათ?!

სამაგიეროდ, „ჩემო ტკბილო და მურაბა ხალხო“, დემოკრატიაზე უარის თქმისა და პირში წყალჩაგუბებულობის ფასად, სინგაპურელებივით დაძღებით ყველანი და კარგად იცხოვრებთ.

თქვენ გჯერათ? მე – არა. „ურწმუნო თომა“ ვარ, სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ... თუმცა, ჩემი თაობა ამას ვერ მოესწრება – „ჩარეცხილია“, ჩვენს შემდეგ კი – წარღვნასაც წაუღია ყველაფერი. უკაცრავად, აპოკალიფსი უნდა მეთქვა, რომელიც, როგორც გვეუბნებიან, მოახლოვდა და რაღა დროს დემოკრატიის მშენებლობაზე ფიქრია, მაინც ვერ მოესწრება უფლის მეორედ მოსვლამდე. პერსონალური თვითმფრინავით „ღრუბლებზე მომავალს“ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მთავარ ტაძარში მის მსახურთა მიერ ნაკურთხი მერიტოკრატი ხელისუფლება დახვდება.


1 comment:

  1. მომწონს თქვენი შეფასებები

    ReplyDelete