31 January, 2018

რელიგია და შობადობა (ანუ, გადავშენდებით?)

2017 წელს საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შობადობას გადააჭარბა. ამ ფაქტის გაჟღერებამ ქართული საზოგადოების ნაწილში შეშფოთება გამოიწვია. ეს გასაგებიცაა: თუ ინდივიდუალური ცხოვრების გარდაუვალ დასასრულთან რელიგია იმქვეყნიური მარადიულობის დაპირებით გვაგუებს, კოლექტიური არსებობის დასასრული, ანუ გადაშენების საფრთხის წარმოდგენა, ნებისმიერი ეთნოსისათვის შემზარავი უნდა იყოს. ამ ფაქტს სოციალურ ქსელებში გამოხმაურება მოჰყვა და ჩემ ვირტუალურ თუ რეალურ მეგობრებთან პოსტებისა და კომენტარების შეზღუდულ სივრცეში პაექრობას, ბლოგის ფორმატში უფრო ვრცლად მსჯელობა ვარჩიე. 
ძირითადი ნარატივი, რომელიც შევნიშნე, ახალი არ არის, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მახსოვს და იმდენად მყარად არის ფეხმოკიდებული, რომ ჩვენს აზროვნებაზე დღემდე მოქმედებს. თანაც, იმდენად „გადაშენების“ საფრთხის შედარებით შორეული პერსპექტივა კი არ გვაშინებს, არამედ, უფრო ახლო მომავალში, საკუთარ სამშობლოში უმცირესობაში აღმოჩენის შიში გვაქვს.
ამ დროს ოფიციალური ბაქო, შობადობის მაჩვენებლების გაზვიადებით, ცეცხლზე ნავთს გვისხამს. ის რომ სტატისტიკას პოლიტიკური პროპაგანდისათვის იყენებს, ცოტა ღიმილისმომგვრელია, მაგრამ მეზობლებს აფრთხობს. ჩვენი, ქართველი აზერბაიჯანელები მოსახლეობის 6%-ს შეადგენენ და საზოგადოებაში მათი „უცხოდ“ აღქმა  კვლავაც რელიგიური განსხვავების ფაქტორთან  მყარად არის დაკავშირებული. ასე ებმება რელიგია ეთნიკური დისბალანსის საფრთხის შიშშს:   ამ ტემპებით მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობა მალე ქართველებს გადაუსწრებს, ყოველ შემთხვევაში - აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით მაინცო (აქ არ დავიწყებ მათემატიკურ ფუტურისტიკას, თუ რამდენ წელიწადში მოახერხებს 6%-იანი უმცირესობა უმრავლესობად ქცევას, ბუნებრივ მატებაში არსებული სხვაობის შენარჩუნების, ან, თუნდაც, გაღრმავების შემთხვევაში).  ამ დროს ავიწყდებათ, რომ ქართველების ნაწილი ასევე მუსლიმია.

თავიდანვე მსურს კიდევ ერთ სტერეოტიპულ შეხედულებას შევეხო, რომელიც ქართველობას მის ტრადიციულ აღმსარებლობასთან - მართლმადიდებელ ქრისტიანობასთან აიგივებს და ამით საკუთარი ერის შემადგენლობიდან მოკვეთს ყველა სხვა აღმსარებლობის ეთნიკურად ქართველს. მისი საწყისი იმ პოსტულატშია, რომელსაც სკოლაში ჰაგიოგრაფიის სწავლისას გვინერგავენ:  „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“. ეს შეხედულება ქართველთა იდენტობისთვის შუა საუკუნეებში აუცილებელი იყო, რომ მუსლიმური სამყაროთი გარშემორტყმულებს თავი გამორჩეულად გვეგრძნო და არ ავთქვეფილიყავით უფრო დიდ ხალხთა მასებში.
თვლიან, რომ დღეს პოსტსაბჭოთა ხალხიდან თანამედროვე ნაციად ჩამოყალიბება ჰაერივით გვჭირდება, რომ გლობალიზაციის პირობებში, ამჯერად, მსოფლიოს მასშტაბით არ ავითქვიფოთ და საკუთარი იდენტობა არ დავკარგოთ. მაგრამ რამდენად უპრიანია ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელი ეს უძველესი პოსტულატი XX-XXI საუკუნის მიჯნაზე ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნისათვის? იმის ნაცვლად, რომ სალიტერატურო (სახელმწიფო) ენის ფლობის ნიშნით მაინც მოახდინოს ისედაც მცირე ეთნოსის კონსოლიდაცია, ფორმულა „ქართველი = მართლმადიდებელს“ კიდევ უფრო ავიწროვებს და მასშტაბებში ამცირებს ქართველად თვითაღქმას.
სამწუხაროა, რომ ქართველთა დიდი ნაწილი კვლავ ამ ფორმულით აზროვნებს და საშუალებას აძლევს მეზობელ იმპერიულ პროპაგანდას, რელიგიურ სხვაობაზე აქცენტირებით, შუღლი გააღვივოს აჭარლებსა და დანარჩენ ქართველებს შორის (ბოლო წლებში ამის არაერთი ფაქტი მოხდა) და ამით ქვეყნისათვის კიდევ ერთი ძირძველი კუთხის მოგლეჯის საფრთხე შექმნას. რუსული ანდაზა ამბობს, „ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი - საკუთარზეო“, მაგრამ იმას აღარ ამბობს, თუ რა ეწოდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვის ტრაგიკულ შეცდომებზე გაკვეთილის სწავლის უნარის არმქონეს.
ეს „ნაშთი ძველი დიდებისა“ - ქართველობის გაიგივება მართლმადიდებლობასთან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მყოფი სახელმწიფოს ხალხის კონსოლიდაციას ხელს უშლის. დემოგრაფიულ სიტუაციასთასთან კი ამას ის კავშირი აქვს, რომ აჭარა ერთადერთი კუთხეა საქართველოში, სადაც პროცესები დეპოპულაციისაკენ არ მიდის, ბუნებრივი ნამატი მაღალია. ამ კუთხის მცირემიწიანობის შედეგად, მისი მოსახლეობა ქვეყნის სხვა რეგიონებში სახლდება და იქ არსებული სიცარიელის შევსებას ახდენს. საქართველოს სხვა მხარეებში დასახლებული აჭარლების უდიდესი ნაწილი კვლავაც ბეჯითად მისდევს მიწათმოქმედებას, სხვა კუთხეების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, რომელთა უდიდესი ნაწილი ქალაქური ცხოვრებისაკენ მიილტვის.
ასეთ ვითარებაში მადლობის მეტი რა უნდა გვეთქმოდეს აჭარლებისთვის, რომლებიც ქართველთა უძველესი სახელწოდების - გეორგიანელების, ანუ მიწათმოქმედების სახელს დღესაც ამართლებენ და დეპოპულაციის ნეგატიური ტენდენციის შერბილებაში, თავისი ტრადიციული მრავალშვილიანობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ?! მაგრამ შუა საუკუნეებიდან შემორჩენილი ქართველთა იდენტობის ძველი ფორმულა მათ ასევე „უცხოდ“ აცხადებს, და „თათრებად“ ნათლავს. მე თუ მკითხავთ, რატომღაც პატრიოტიზმად მონათლული ამგვარი აზროვნება სულ ცოტა, ახლომხედველობაა და, მოსალოდნელი შედეგებიდან  გამომდინარე კი - საკუთარი სამშობლოს მტრობა.

აჭარლებისა და ქართველი აზერბაიჯანელების რეპროდუქციული ქცევის შემხედვარეს მართლაც გიჩნდება ის შეხედულება, რომ შობადობაში განსხვავებას რელიგიური ფაქტორი იძლევა. გადახედავ ევროპას, გადახედავ რუსეთს, რომლებიც ჩვენს აღქმაში ტრადიციულ ქრისტიანულ ქვეყნებად აღიქმებიან, - და აქაც იგივე დეპოპულაციის სურათია. შეიძლება დაასკვნა, რომ ქრისტიანობა, (მიუხედავად მისი მიმდინარეობებისა, კათოლიციზმი იქნება ეს, პროტესტანტობა თუ მართლმადიდებლობა) მისი მიმდევარი მოსახლეობის გამრავლებაზე ნეგატიურად აისახება. ეს - ერთი შეხედვით.

შორს ვარ იმ აზრისაგან, თითქოს ტრადიციულად ქრისტიანული ქვეყნების მოსახლეობა იმდენად ღრმად რელიგიურია, რომ ამქვეყნიურობისაგან განრიდებას რეპროდუქციულ ქცევაში ამჟღავნებს და ამგვარად მისდევს ქრისტეს მოწოდებას: ყველაფერი მიატოვეთ, ყველა სიამეს გაერიდეთ, რათა ხორციელად კი არა, პირველ რიგში სულიერად გადარჩენა შეძლოთო. ჩახვალთ სხვა ქვეყნებში და ნახავთ, რომ მათ უმრავლესობას ჩვენსავით ზედაპირული, ძირითადად - რიტუალური დამოკიდებულება აქვს რელიგიისადმი. განდეგილად, ბერად შემდგარი იშვიათი ღრმადმორწმუნენი, ცხადია, საერთო დემოგრაფიულ სურათს ვერ შეცვლიან.
childbirth and church-ის სურათის შედეგიყველა რელიგია, მათ შორის, ქრისტიანობა, პირიქით, გამრავლებისკენ მოგვიწოდებს: ის უნიკალურად აღიარებს და უფრთხილდება ადამიანის სიცოცხლეს მუცლადყოფნის პერიოდიდანვე, ეწინააღმდეგება აბორტებს, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს და შობადობის რეგულირების სხვა მეთოდებს, მიიჩნევს რა ამას უზენაესის ნებისათვის წინააღმდეგობად და ბოროტებად. რელიგიური მოსაზრებებით, ზოგიერთ ქვეყანაში აბორტი დღესაც აკრძალულია, თუმცა ამის შედეგად ბუნებრივი მატება არ გაზრდილა და ამ ქვეყნებშიც ისეთივე დეპოპულაციის პროცესები მიდის, როგორიც სხვაგან, სადაც ოჯახის დაგეგმვის ეს სასტიკი მეთოდი კანონიერად გამოიყენება. თუ დააკვირდებით მორწმუნეთა ოჯახებს (ჩვენებურად - „ეკლესიურებს“), არც ისინი გამოირჩევიან მრავალშვილიანობით, მაქსიმუმ, 2-3 შვილი ჰყავთ. ალბათ, დიდი ახსნა არ სჭირდება იმას, რომ რელიგიური მოსაზრებების გამო აბორტსა და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების უარყოფა არ ნიშნავს ოჯახის დაგეგმვის სხვა მეთოდებზე უარის თქმას, რომლებიც „მცირე ცოდვათა“ რანგში გადის.
ამდენად, მხოლოდ „გავმრავლდეთ!“ ქადაგება შობადობის მაჩვენებელს არ შველის. თეოკრატიული სახელმწიფოშიც კი. თუ, რა თქმა უნდა, ამ სახელმწიფომ საწოლში სამეთვალყურეო სისტემები ტოტალურად არ დაგვიმონტაჟა და სასჯელის შიშით არ გვაიძულა შვილების გაჩენა. სხვათა შორის, ათეისტურ საბჭოთა კავშირში არსებობდა „უშვილობის გადასახადი“ და თუ შვილი არ გყავდა, ხელფასიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ 12 მანეთს გიქვითავდნენ - საბჭოეთს მუშა ძალა და მრავალრიცხოვანი ჯარი სჭირდებოდა.
„ერის გამრავლების“ თუ მსგავსი იდეების გამო რელიგიურ ტოტალიტარიზმში დაბრუნებით ფაშიზმის აბსურდს მივიღებთ, რომელმაც ‘წმინდა რასის“ გასამრავლებლად რა ღონისძიებებიც გაატარა - გეცოდინებათ. გამოვრიცხოთ ეს გზა, - ყველაფერი, რაც იდეების გამო ხელოვნურად და ძალით ინერგება, ეწინააღმდეგება საზოგადოების ბუნებრივ განვითარებას და შეუძლებელია, „ტაძრამდე მიგვიყვანოს“.

თუ ქრისტიანობაც ისევე ეწინააღმდეგება შობადობის რეგულირებას, როგორც სხვა რელიგიები, მაშ, როგორ ხდება, რომ ქრისტიანულ ქვეყნებში დაბალი შობადობის პრობლემაა, სხვაგან კი - არა? მოდი, ქვეყნებს მხოლოდ ტრადიციული რელიგიის ნიშნით ნუ შევაფასებთ, რომელიც, როგორც ზემოთ ვთქვი, მათი მოსახლეობის რეპროდუქციულ ქცევაზე სულაც არ ახდენს გადამწყვეტ გავლენას.  ამ ქვეყნებს სხვებთან შედარებით განვითარებული ეკონომიკაც გამოარჩევს, სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციითა და ტექნოლოგიზაციით, და ურბანიზაციის მაღალი დონით. იმის გამო, რომ კეთილდღეობის  მაჩვენებლები აქ მაღალია, კვლავ ნუ ავჩქარდებით და ნუ დავასკვნით, რომ „კარგად ცხოვრება შობადობას ამცირებს“.
რა კავშირშია ურბანიზაცია შობადობასთან? ქალაქში მოსახლეობის დიდი ნაწილის გადასახლებამდე არ იდგა შობადობის პრობლემა არც ევროპაში, არც ჩვენთან. ოჯახებში, რომლებიც სოფლის მეურნეობით ცხოვრობენ და მიწას  ტრადიციულად, „ბარით და თოხით“ ამუშავებენ, შვილების სიმრავლე სამუშაო ძალის მატებას ნიშნავს. ასეთ ვითარებაში ეკონომიკურად მომგებიანია ერთიანი მეურნეობა, რომელსაც ერთი დიდი (ან რამდენიმე ოჯახი ერთად) უძღვება, რისთვისაც ადრე დიდ სახლებს აშენებდნენ, რომ „ძმებს ერთად ეცხოვრათ“. დღესდღეობით ახალგაზრდა წყვილები ცალკე ამჯობინებენ ცხოვრებას, რის გამოც დიდი ფართის მქონე სახლები ფუნქციურად დაუტვირთავია. თუმცა, ცალკე სახლი ახალი ოჯახისათვის სოფლად გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე თბილისში, სადაც ის 10-ჯერ უფრო ძვირი ღირს.
ამდენად, თუნდაც საცოვრებელი ფართით შვილების უზრუნველყოფის ფაქტორი, მაღალშემოსავლიანი ოჯახების გარდა, სერიოზულ პრობლემას უქმნის ქალაქის მოსახლეობის ისედაც სიდუხჭირეში მყოფ უდიდეს ნაწილს. ხოლო მათთან შედარებით მაღალშემოსავლიან ოჯახებში იზრდება სხვა ფაქტორების მნიშვნელობა, როგორიცაა შვილების მაღალი სტანდარტებით განათლებით უზრუნველყოფა, - რაც კერძო სასწავლებლებში  აქაც ძვირია, რომ აღარაფერი ვთქვათ უცხოეთში განათლების მიღების სურვილზე. ამას ემატება დასაქმებული ქალის მშობიარობასთან დაკავშირებული სამუშაოს დაკარგვის რისკი, რის გამოც ძიძების აყვანა ხდება აუცილებელი, და სხვა, მრავალი ამგვარი ფაქტორი, რომელიც გაცილებით დიდ გავლენას ახდენს ურბანულ გარემოში, ვიდრე სასოფლო საზოგადოებაში, სადაც ასეთი მოთხოვნილებები არა აქვთ.
აქვე აღვნიშნავ, რომ მოთხოვნილებათა ეს ზრდა უშუალოდ ქალაქში ცხოვრებასთან არ არის დაკავშირებული, იგივე ან მსგავსი „ურბანული მენტალობა“ სოფლად მცხოვრებ ადამიანებსაც შეიძლება ჰქონდეთ, რაც მოხდა კიდეც გასული საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში, როდესაც „ქალაქური  შეხედულებები“ გავრცელდა რეგიონებშიც და მოიტანა 1-2, მაქსიმუმ, 3 შვილამდე ოჯახის დაგეგმვის ტენდენცია.

„მრავალშვილიანი ოჯახები დღეს უკვე იშვიათი მოვლენაა... ახალგაზრდა მშობლები, მაქსიმუმ, ორი შვილის ყოლას ბედავენ და მომავალში ეს ტენდენცია შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს“. „მეორე და მეტი შვილის ყოლას ჩვენს დროში მხოლოდ რელიგიური აზროვნების ადამიანები ან უპოვარები თუ ბედავენ, რომლებიც ბავშვების გარეშეც ძლივს ირჩენენ თავს. საშუალო და მაღალი შემოსავლების მოქალქეები კი ერთ ან, მაქსიმუმ, ორი შვილზე ჩერდებიან კმაყოფილდებიან, რაც შემაშფოტებელი ტენდენციაა“.
ეს ქართველი ექსპერტების სიტყვები არ გეგონოთ - აზერბაიჯანელი მეცნიერებისაა (http://ru.echo.az/?p=55887). დიახ, მიუხედავად, მუსლიმური სარწმუნოებისა, აქაც იგივე ტენდენციებია. ეს არაა გასაკვირი - ურბანიზაციის კოეფიციენტმა ჩვენს მეზობლებთან 53%-ს მიუკაკუნა.  ჩვენთან ის 57%-ს გადასცდა. პროგნოზებით, აზერბაიჯანში კიდევ რამდენიმე წელი შენარჩდება შობადობის არსებული დონე, შემდეგ კი იქაც იგივე პროცესები წავა, რაც სხვა განვითარებულ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, თუ კავკასიის ქვეყნებში ეკონომიკა განვითარდა, სოფელში ტექნიკის შეყვანამ მუშახელი გამოათავისუფლა და მოსახლეობის ეს ნაწილი გაქალაქელდა.
ასე რომ, მეზობლების მხრიდან დემოგრაფიული ექსპანსია დიდად არ გვემუქრება. ჩვენი უმცირესობების გამრავლების ტემპებითაც არ შეიქმნება ეთნიკური დისბალანსი, თუ ქართულ საზოგადოებასთან მათი ინტეგრირება გაგრძელდა - „ურბანული მენტალობა“ მათშიც ვრცელდება. ცხადია, თუ არ გავრიყავთ და თავიანთ სოფლებში, იზოლაციაში არ ვამყოფებთ. ჰოდა, მოდი, ამას რელიგიას ნუ დავაბრალებთ.
დემოგრაფიული საფრთხეები სხვა ეთნოსების გამრავლებაში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის მასობრივ ემიგრაციაში, რაც ჩვენს ეკონომიკას შრომით რესურსს აცლის. ჩვენ რომ ნორმალური, სოციალური სახელმწიფოს აშენების შნო გვქონდეს, ეს საფრთხე არ გვექნებოდა. მონოპოლისტურ-მტაცებლური კაპიტალიზმის პირობებში, შიმშილისგან ოჯახის გადარჩენის მიზნით, უცხოეთში სამუშაოს მოძებნა  ბუნებრივი მოვლენაა და  ჩვენს ემიგრანტებს ცრუპატრიოტებისგან დასაძრახი არაფერი აქვთ.

ჰოდა, თუ რეცეპტი გინდათ: მდიდარმა ქართველებმა მადას უკლონ, ღირსეული შრომის ანაზღაურება მისცენ დაქირავებულებს და საქართველო არ დაიცლება. მათგან „ერის გამრავლება-გადარჩენაზე“ ზრუნვა და ათასგვარი „ფონდების“ შექმნა კი ისეთივე სიყალბეა, როგორიც აქამდე ბევრი გვინახავს. 

18 November, 2015

უცხო

როცა პირველად დასცინეს, ვერ მიხვდა, რატომ აფხუკუნდა თითქმის მთელი კლასი. მასწავლებელსაც ჩაეღიმა.
იფიქრა, ალბათ, რამე შემეშალაო და გაკვეთილის თხრობა გააგრძელა. ბავშვებს თითქოს სიცილის ჭინკა შეუჩნდათ, ვერ ჩერდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელმა, სიჩუმისკენ მოწოდების ნიშნად, კალამი რამდენჯერმე დააკაკუნა მაგიდაზე. ლუკას სირცხვილის ოფლმა დაასხა და დადუმდა.
-კაი, დაჯექი, გეყოფა... აბა, ახლა შენ გამოდი დაფასთან, უშნოდ რომ იკრიჭები.
ლუკა აჭარხლებული დაჯდა, თავი ჩაღუნა და გვერდზე აღარ იყურებოდა. ესმოდა, დაფასთან გაძახებული როგორ წვალობდა არნასწავლი გაკვეთილის კარნახის ყურმოკვრით  მოყოლას, მაგრამ ამაზე კლასს არ ეცინებოდა. ტანსაცმელზე ან გარეგნობაზე დაცინვაც გამორიცხა - მაშინ ამას პირველივე გაკვეთილზე შენიშნავდა. დარჩა მხოლოდ ერთი ვერსია: ბავშვებს მისი კუთხური კილო ეხამუშებოდათ. ბუნდოვნად გაახსენდა ვიღაცის ნათქვამი, - მეგრელებს ამის გამო დაგვცინიანო, - მაგრამ მაშინ ვერ წარმოიდგენდა, თუ ეს მართალი იყო. ლუკასაც თავიდან ეუცნაურა ასოების გაწელვით, რაღაცნაირი გადატყლარჭული გამოთქმები, როგორც ზოგიერთი მისი თანაკლასელი საუბრობდა, მაგრამ არ გასცინებია. საქართველოს ყველა კუთხეში რომ სხვადასხვანაირი კილოა, ეს ხომ ყველამ იცის და ამაში დასაცინი რა უნდა იყოს?!
სცადა, ევარჯიშა, თბილისელებისათვის მიებაძა და გაეკონტროლებინა წარმოთქმა, მაგრამ ბავშვობიდანვე შეჩვეული რბილი - სწრაფად დაძლევა ადვილი არ აღმოჩნდა. ამიტომ, უმეტესწილად დუმდა. როცა ჩუმად იყო, არავინ დასცინოდა. გაკვეთილი მას მერე აღარ მოუყოლია, მოკლედ პასუხობდა: არ ვიცი. არადა, აშკარად, სხვებზე ცუდად არ იცოდა. იმას, რომ წერით დავალებებში რატომღაც კარგ ნიშნებს იღებდა, ყურადღება არავინ მიაქცია. მასწავლებლებს თავისი საზრუნავი ჰქონდათ - როგორმე გამოემუშავებინათ მწირი ხელფასი ისე, რომ ნაკლები ნერვები დაეხარჯათ.
არათუ ლუკას პრობლემები, თავად მისი არსებობაც კი არავის ადარდებდა სკოლაში: არც თანაკლასელებს და არც მასწავლებლებს. სხვა სკოლაში გადასულიყო? აზრი არ ჰქონდა, იქაც დასცინებდნენ. კვირაში ხუთ, ჯოჯოხეთად ქცეულ დილას მხოლოდ იმიტომ უძლებდა, რომ მამა ეცოდებოდა, რომელიც სახლში გვიან და გადაღლილი ბრუნდებოდა. რამდენჯერმე შენიშნა, რომ მამამ მკერდზე ხელი წაივლო და გაფითრდა. ლუკას შეშინებულ თვალებს რომ წააწყდა, ნაძალადევად გაუღიმა: - არაფერია, გამოვლისო.
-მაა, წადი რა ექიმთან...- სთხოვა რამდენჯერმე მორიდებულად, მაგრამ ექიმის კონსულტაციისა და გამოკვლევების ფული რომ არ ჰქონდა, ეს თავადაც იცოდა, - ბინის ქირისა და საჭმლის ფულს ძლივს შოულობდა. იმედს არ კარგავდნენ, რომ დედა იშოვიდა კარგ სამსახურს და მისი გამოგზავნილი ფული შეეშველებოდათ. ბევრჯერ უფიქრია: ნეტა მეც წავყოლოდი დედას საბერძნეთში. ერთი ვიზისა და ბილეთისთვის საჭირო ფულიც ძლივს შეაკოწიწეს: ისედაც ვალებში ჩავარდნილი ოჯახისთვის ნათესავ-მეზობლებს უკვე ეძნელებოდათ ფულის სესხება, ამიტომ დედამ ძველი დროიდან შემორჩენილი სამკაულები სულ გაყიდა.
ლუკა გაჩერებაზე იდგა და ავტობუსს ელოდა. ორი, პეწიანად ჩაცმული ქალბატონი ტაქსს ხელს უქნევდა. მუხრუჭებმა დაიღრჭიალეს, ქალმა კარი გამოაღო და მძღოლს ჰკითხა:
-გრიბოედოვის ქუჩაზე რამდენად გამიყვან?
ტაქსისტი რუსული გვარის გაგონებაზე მთლად დაიბნა და რაღაც ჩაილუღლუღა. ქალმა კარი ამრეზით მიუჯახუნა და დაქალს ჩაულაპარაკა:
-გადაივსო ეს ქალაქი სოფლელებით... ვერ დაეტევიან თავიანთ სახლებში?!
ლუკას სოფელი გაახსენდა: ლურჯი, კამკამა ცა, შორიდან მომზირალი დათოვლილი მთები...  რა თქმა უნდა, სახლში ერჩივნა. ბებო რომ ცოცხალი ყოფილიყო, ახლაც იქ იქნებოდა, არ მოუწევდათ ამ უზარმაზარ ქვის სკებში მიკარგულ ერთ პატარა ოთახში შეყუჟვა. ბებიის ალერსიანი ხმა მოაგონდა და გული შეეკუმშა:
-შენ წადი სკოლაში, შვილო, მე ყანაში წავიმუშავებ. რომ მოხვალ, ცხელ-ცხელ ხაჭაპურს დაგახვედრებ, - თბილი ტუჩების შეხებას შუბლზე ახლაც გრძნობს, არ ავიწყდება. არც ის დღე ავიწყდება...
მოშიებულმა აირბინა აივნის კიბე, მაგრამ კარის შეღებისას ფქვილისა და ცხობის სურნელმა ნესტოებში არ შეუღიტინა. ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს ეკლესიის ზარები რეკავენო. ლუკა მეზობელთან გაიქცა და შეშფოთებულმა შესძახა:
-ლამზირა  დეიდა, ბებო თქვანთანაა?
ბებო სხვაგან არსად გადიოდა. უარი მოესმა თუ არა, გამობრუნდა და დასუსტებული ფეხები წაათრია. ეზოში ჩამოჯდა და ჩანთა იქვე დააგდო. პატარა არ იყო და ესმოდა, რა არის სიკვდილი. იმედის ნაპერწკალი ოდნავღა ბჟუტავდა. საშინელების მოლოდინით დაზაფრულმა, ტანი მაინც ასწია და ყანისაკენ წალასლასდა, თან გულში იმეორებდა: ბებო ცოცხალი იქნება... ღმერთო, ბებო ხომ ცოცხალი იქნება?!
არა, არ უშველა ლოცვამ. წამოზრდილი სიმინდების სიმწვანეში გამოკრთა მიწაზე მიწოლილი მოხუცის ბნელი სილუეტი. იქვე მიგდებულმა თოხმა ბავშვს დარცხვენილად, პატიების თხოვნით ამოხედა. შუადღის მზე კაშკაშს აგრძელებდა, მაგრამ ლუკასთვის ცხოვრება განაცრისფრდა...
ავტობუსი გაჩერდა და კარები ჭრიალით გააღო. სხვებთან ერთად შეიჭეჭყა და ცხვირი ვიღაცის ტყავის ქურთუკს მიაბჯინა. რამდენიმე გაჩერების შემდეგ, მეტროს სადგურთან, ხალხი ჩავიდა და შეხალვათდა. ლუკა ბილეთების სალაროსთან მდგომ ახალგაზრდა შავკანიანს მიაჩერდა: ასეთი შავი კაცი ჯერ არ უნახავს.
ჯინსის უკანა ჯიბეში რვეულჩაჩურთული ორი სტუდენტი ბიჭი ავტობუსში ამოვიდა და ბილეთის აღება დააპირეს.
-გაწიე ბინძური ხელი, შენი დედა მოვ....! - შეუღრინა ერთ-ერთმა შავკანიანს.
ზანგმა შეურაცხყოფა არ შეიმჩნია, ვითომ ქართული არ ესმოდა, მაგრამ სახელურს ხელი გაუშვა და ცოტა გვერდზე მიდგა.
-არ მომრავლდენ აქ ეს მაიმუნების ნაბიჭვრები?! - ზიზღით მოხია ბილეთი ქართველმა.
ლუკამ ავტობუსში მსხდომ ბიძია-დეიდებს გადახედა. წარბი არავის შეუხრია, თითქოს თავხედ ახალგაზრდას არავინ დაუმცირებია: შავკანიანი ადამიანი მათთვის აჩრდილი იყო.
ამათ ყველა ეზიზღებათ, ვისაც მათნაირი კანის ფერი არა აქვს, ან მათნაირად არ ლაპარაკობს, ან არ ლოცულობს, ან...
ერთმანეთიც ეზიზღებათ, მაგრამ ვერ ბედავენ თავდასხმას, თუ არ შეგნიშნეს, რომ სუსტი ხარ და თავს ვერ დაიცავ. თუ დაბალ ღობედ მიგიჩნიეს, ჩაგწიხლავენ და გადაგივლიან, რომ სხვებზე აღმატებულობით მაინც გაილაღონ თავი, სხვა რომ არაფერში უმართლებთ.
ლუკას ისევ ძალუმად მოაწვა მშობლიური სოფლის ნოსტალგია.  იქ გაჭირვებული ეცოდებათ, ხელს უმართავენ, ცუდ ამბავს რომ იგებენ, შეიცხადებენ... სხვისი კარგის გაგონება ხან შურთ, ხან - უხარიათ, გააჩნია... თუ შენიანია და გაიქაჩა, ხელს აუცილებლად წაგაშველებს, თან წაგიყვანს, მოგაღონიერებს. სხვაგან, თურმე, ამას მეგრელების კლანურობას ეძახიან და ვერ იტანენ, მაგრამ ცუდი რა არის იმაში, რომ შენიანს დაეხმარო? ეტყობა, ასე, დამშეული მხეცებივით ერთმანეთის გლეჯაა ცივილიზაცია. არც გაუხდებოდათ სოფლიდან წამოსასვლელად საქმე, რომ არა ყაჩაღების პარპაში.
მაშინ პატარა იყო და კინოკადრებივით ახსოვს, როგორ შემოვარდნენ სახლში შავნიღბიანები. ზოგს ჭრელი ხაკისფერი სამხედრო ფორმა ეცვა, ზოგს-ნაცრისფერი.  მამა რუსეთში იყო წასული, კაპიკების საშოვნელად, და ორი ქალი რას გაუმკლავდებოდა შეიარაღებულ ბანდიტებს?! განმკითხავი არავინ იყო, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოხვეტილი ნაძირალები დათარეშობდნენ, ვითომ აფხაზებთან საომრად წამოსულები. მეზობელს მანქანა წაართვეს, და იმის დაკვნესებისთვის, -ამას რად მიკეთებთო, - საკუთარ ჭიშკართან დააყენეს, ავტომატის ჯერი მიუშვეს და ჩაცხრილეს.
წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა, მთავარია, ცოცხლები გადარჩენილიყვნენ. ამიტომ მისცეს, რაც ფული ჰქონდათ. ბანდიტებმა სახლი გადააქოთეს, მაგრამ ოქროულობა ვერ იპოვეს. - არა გვაქვს, გავყიდეთო, - დააჯერა ბებიამ.
-ქუჩის პირას რომ მაღაზიაა, თქვენია, ხომ? - დაიღრიალა ერთმა და ავტომატის ლულა მიუშვირა დედას. გასაღები ხელისკანკალით მისცა. ნისიად წამოღებული საქონლიდან არაფერი დატოვეს, ნადავლი მანქანაზე დატვირთეს  და წაგრიხინდნენ.
ბებო იმ საშინელი ღამის მერე მოფამფალდა, მაგრამ არ იმჩნევდა, დედას ნაოჭები გაუჩნდა. პატარა მაღაზიის დახლების შესავსებად საქონელი ვალით აღარავინ მისცა, - ჯერ წაღებულის ფული დაგვიბრუნეთო. რაღა ექნა დედას, ვალების გასასტუმრებლად გადაწყვიტა უცხოეთში წასვლა. დამშვიდობებისას გულში ჩაიკონა ლუკა და სთხოვა:
-კარგად ისწავლე, ჩემო ბიჭო, არ შემარცხვინო.
ლუკა პირნათლად ასრულებდა  დედ ამ თხოვნას, სანამ ბებო ცოცხალი იყო. გასვენებაზე მამა ჩამოვიდა და აღარ წასულა შორეულ რუსეთში. მიწაზე ოროყიანი თოხის რტყმით მოწეული მოსავლის ბაზარზე გაყიდვით თავს ვერ ირჩენდნენ - გლეხის შრომას ფასი არ ჰქონდა. გადაწყვიტა, თბილისში ეცადა ბედი. ამბობდნენ, რომ მხოლოდ იქ შეიძლებოდა რაიმე სამუშაოს შოვნა, დანარჩენი საქართველო სიღარიბისგან სულს ღაფავდა.
გაოცებისგან თვალებდაჭყეტილი შესცქეროდა ლუკა მრავალსართულიან გიგანტებს - კორპუსებს, მოძრავ კიბეებს - ესკალატორებს, მეტროს მიწისქვეშეთიდან ფასკუნჯებივით რომ ამოჰყავთ ხალხი. მოჭყვიტინე მანქანების ხმაურისაგან თავიც კი ასტკივდა.  მერე შეეჩვია, მაგრამ თავს სულ ჭიანჭველების უზარმაზარ ბუდეში მოხვედრილ პაწაწინა მწერად გრძნობდა.
პარასკევი დღე იყო და დილით მამამ ოცი ლარი მისცა: სკოლის შემდეგ გაიარე, ქალაქის ცენტრი დაათვალიერე, რამეს შეჭამ, ან კინოს ნახავო. ლუკა თავისუფლების მოედანზე ამოვიდა  და გაშტერდა: ერთად შეკრებილი ამდენი ხალხი არასოდეს ენახა. მაღალსვეტებიანი ყვითელი შენობის წინ კიბეებზე ერთი ჯგუფი ასულიყო, მათ შორის - რამდენიმე ანაფორიანი მღვდელი. ხელში მეგაფონები ეჭირათ და გაჰკიოდნენ, ვიღაცები მოდიანო. რუსთაველის პროსპექტი ხალხს და პოლიციას გადაეკეტა, მანქანები არ მოძრაობდნენ.
გადარეული სახეების შემხედვარე ლუკამ გაიფიქრა: ვაი, ისევ ომი ხომ არ დაიწყო?“ მალევე უარყო ეს აზრი: მტერი რომ შემოსეოდა თბილისს, ხალხი ქუჩაში კი არ გამოვიდოდა, ჩვეულებისამებრ, შეიყუჟებოდნენ სახლებში  და იმის ფიქრს დაიწყებდნენ,  დამპყრობლის მიერ დასმულ ახალ მთავრობას როგორ მოვერგოთო. მხოლოდ ერთეული, გულანთებული ვაჟკაცები თუ გაიწევდნენ მტერთან საბრძოლველად.
ლუკამ ხალხის ჯგუფებს შორის გზა გაიკვლია. ზოგს  ხის დიდი ჯვარი ეჭირა, სხვები  უცნაურ დროშებს აფრიალებდნენ და იგინებოდნენ. კინო რუსთაველში შესვლას აზრი არ ჰქონდა და იფიქრა: ავუყვები ამ ქუჩას მაკდონალდსამდე, ერთხელ მაინც გავსინჯო ეს მაკ-ბურგერი, ბიჭები რომ ტრაბახობენ-ხოლმე.
შეჯგუფებულ ხალხში გზა გაიკვლია და ყური უგდო. ზოგი მთავრობას აგინებდა, ზოგი - ამერიკას. ცხოვრებისგან გამწარებულები თავისი უბედურების მიზეზს სხვაგან და სხვაში ეძებდნენ, რომ დაგროვილი ბოღმა ამოენთხიათ. სათითაოდ, ალბათ, კრინტსაც ვერ დაძრავდნენ, მაგრამ ერთად თავშეყრისას ძალა მოსცემოდათ.
ყოველი შემთხვევისთვის, ტროტუარზე გააგრძელა გზა, სადაც კანტი-კუნტად ხვდებოდნენ გამვლელები, რომლებიც თავიანთ საქმეზე სადღაც მიეშურებოდნენ. მათ სახეებზე დაბნეულობა უფრო იკითხებოდა, ვიდრე მობობოქრე ხალხის მასისადმი თანაგრძნობა.
მაკდონალდსში შევიდა, ერთი მაკბურგერი იყიდა. ჩამოჯდომა დააპირა, მაგრამ ამ დროს გარედან ხმაური მოისმა და ყველამ გასასვლელისკენ გაიწია, სეირის საყურებლად. ლუკაც გარეთ გამოვიდა და ვეფხისტყაოსნის ავტორის ძეგლთან დადგა. რუსთაველი სადღაც შორს იყურებოდა, თითქოს არ უნდოდა დაენახა, როგორ მისდევდა გავეშებული ბრბო ოციოდე წლის ბიჭს, რომელსაც მხოლოდ ის დანაშაული მიუძღოდა ამ ხალხის წინაშე, რომ ჭრელი პერანგი ეცვა, და არა - სხვებივით შავი. გაქცეულს ორი წამოეწია და შენი იეღოველი დედა მოვ....-ის ძახილით  ურტყეს ხის ჯვარი, სანამ თავი არ გაუტეხეს და დასისხლიანებული ძირს არ დააგდეს. ჟინი რომ მოიკლეს, მერე ვიღაც სხვას გამოეკიდნენ: - ჩემი დედა ...,  ბლანჟეიანი პიდარასტი! მოკალით, მაგისი!
ლუკას პირი გაუშრა და ლუკმა ლამის ყელში გაეჩხირა. ისევ მოაწვა საკუთარ სახლში დაბრუნების ძლიერი სურვილი, რომ ამ გამხეცებულ ხალხს გასცლოდა.
რატომ უქვავდებათ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს გული? ალბათ, ერთმანეთს რომ არ იცნობენ, ეშინიათ და ყველა მტერი ჰგონიათ. სოფელში კი სიმშვიდეა, ყველა ერთმანეთს იცნობს, სხვისი ამბავი აინტერესებთ და ჭორაობით იხალისებენ თავს. ქალაქელები   რკინის კარებებით დაცულ გალიებში არიან შეკეტილები, მანქანების შუშებსაც კი ამუქებენ, რომ ადამიანების გაჭირვება არ დაინახონ და გული არ შეუტოკდეთ, თუ შერჩენია კიდევ მათ გულს ამის უნარი.
იქ, სოფელში, მოჭკუასუსტო და ხელიდან წასულ გოგოსაც კი ზრდილობიანად ელაპარაკებიან, ზურგს უკან კი გაჰკილავენ-ხოლმე, ბოზი ცირაო, მაგრამ, თითქოს ეცოდებათ კიდეც. მარტოხელა გიჟ ბორიასაც პატრონობენ, ხან საჭმელს შეაწვდიან, ხან - ფულს სჩუქნიან, რომ შიმშილით არ მოკვდეს.
აქ კი... ამასწინათ მეტროში შემოსულ, ასე, ოთხმოცდაათს მიტანებულ მოხუცს არავინ დაუთმო ადგილი, ალბათ, რახან ბანძად ეცვა.  საწყალი ბოძს ეჭიდებოდა სუსტი მტევნებით, რომ არ დაცემულიყო. ლუკამ შენიშნა, როგორი თხელი კანი ჰქონდა გადაკრული მოხუცს ძვლებზე. ბოლოს ერთ, შუახნის ქალს რომ ამოასხა და დაჰკივლა აიფონებში თვალჩარგულ ახალგაზრდებს, მაშინღა იკადრეს  წამოდგომა.
იქ - თითქოს სამყაროს ცენტრში გრძნობ თავს და      ხარ, აქ - თუნდ ბრბოს წინაშე გაგიფშეკია ფეხები, ზედ არავინ შემოგხედავს. როგორც იმ ღამეს, როცა ყველას ესმოდა ლუკას ღრიალი: მიშველეეთ, მამა მიკვდებაო, და არავინ გამოხედა, რომ სასწრაფოსთვის მაინც დაერეკათ.
იმ ღამეს მამა, როგორც ყოველთვის, გვიან და დარდისაგან კრიჭაშეკრული მოვიდა. არ უვახშმია, იმის თავიც კი არ ჰქონდა, რომ ლუკასთვის რამე ეკითხა. საწოლზე მიწვა და ასე, გაუხდელად მიეძინა დაღლილს. ლუკამ სცადა გაღვიძება, მაგრამ ბურანიდან ვერ გამოიყვანა, მხოლოდ ფეხსაცმელების გაძრობა შეძლო.
გვიან ღამით, გამთენიისკენ, მამის საწოლის მხრიდან ხრიალი მოესმა. შეშინებული წამოხტა და შუქი აანთო. მამას სახე გასწითლებოდა, სილურჯე დაჰკრავდა და ჰაერის ჩაყლაპვას ლამობდა, ხროტინებდა.
-ბაბა, მუქ გაღოლ? ბაბა, ვა ღურა!* -ეცა ლუკა, მაგრამ მამა ვერ პასუხობდა, პირიდან სისხლნარევი დუჟი გადმოსდიოდა და კუნთებს ჭიმავდა, თითქოს რაღაცას ებრძვისო.
ლუკა პერანგისამარა გამოვარდა სადარბაზოში, ყვიროდა, მშველელს უხმობდა... მერე ისევ ოთახში შევარდა. მამა დაწყნარებულიყო, აღარ იბრძოდა და... აღარც სუნთქავდა.
რატომ მიმატოვე მამა, რატომ არ წახვედი დროზე ექიმთან, ხომ გთხოვდი? - ცახცახებდა კუთხეში მიყუჟული ბიჭი და ვერ ბედავდა თვალების გახელას, რომ ცრემლის ბინდს იქით მამის უძრავი ცხედარი არ დაენახა.
დარჩა ლუკა მარტო, გაცოფებულ ვირთხებად ქცეულ თანამემამულეთა შორის, იმ რწმენით, რომ თავად სულ "სოფლელი" იქნებოდა, მაგრამ ასეთი არასოდეს გახდებოდა. დაიფიცა, რომ ბეტონისა და ასფალტის ჯუნგლების საცეცები მის გულამდე ვერ მიაღწევენ და ვერ გაუქვავებენ.



_____________________
*მამა, რა მოგდის? მამა, არ მოკვდე!